სახელმწიფოზე ზრუნვის სახელით:
როგორ იცვლება სოციალური პოლიტიკა პროპაგანდის ფონზე

@აპრილი მედია
2024 წელს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა კანონებმა, სხვა სფეროებთან ერთად, გავლენა სოციალურ სერვისებზეც იქონია. საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“,და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებმა მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

@azerbaijantoday
პროპაგანდისტული მესიჯები "რუსული კანონის" გარშემო
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კანონთან დაკავშირებით ამტკიცებდნენ, რომ მისი მიზანი მხოლოდ გამჭირვალობაა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კანონის მიღებას "სუვერენიტეტის დაცვასთან" აიგივებს.



ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 11 მაისს გაკეთებული განცხადების თანახმად, NGO სექტორი „უცხო სახელმწიფოს ინტერესებს“ ემსახურება, არჩილ თალაკვაძე კი გვარწმუნებს, რომ „გამჭირვალობის კანონი“, ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას დაიცავს.


„სპუტკინის“ მიერ 2024 წლის 15 აპრილს გავრცელებულ ფოტოზე ვკითხულობთ, რომ კანონი მხოლოდ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს ეხება. აღნიშნული რიტორიკა მიჯნავს არასამთავრობო და მედია სექტორს დანარჩენი საზოგადოებისგან, მაშინ, როცა ხსენებული ორგანიზაციები დიდწილად მოიცავენ ან უკავშირდებიან საქართველოს სხვა მოქალაქეებს - სტუდენტებს, ემიგრანტებს, ოჯახებსა თუ ფიზიკურ პირებს.
პროპაგანდისტული მესიჯი არასამთავრობო სექტორს და მედიას წარმოაჩენს როგორც მტერს, რომელიც გამიჯნულია საზოგადოების დანარჩენი ნაწილისგან, მაშინ, როცა კონკრეტული ორგანიზაციების დაზიანება და შეზღუდვა პირდაპირპროპორციულად აზიანებს და ზღუდავს ამ ორგანიზაციებისგან სერვისის მიმღებ პირებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ.
"ქართული ოცნების" რიტორიკის მიუხედავად, კანონმა გავლენა იქონია ფიზიკურ პირებზე, მათ შორის, მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ პირებზე
"სიკეთის რევოლუცია"
დასავლეთ საქართველოში, სამტრედიაში, მასწავლებლისა და მისი სტუდენტების მიერ დაარსებულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია „სიკეთის რევოლუციამ“ ლიკვიდაცია გასული წლის 29 აგვისტოს გამოაცხადა. ფონდის დირექტორმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ უცხოეთიდან გრანტის სახით მიღებული თანხა მთლიანი შემოწირულობების 20%-ზე მეტი იყო, რაც აიძულებდა ორგანიზაციას, რომ აგენტების რეესტრში დარეგისტრირებულიყო. ორგანიზაციის დირექტორის გადმოცემით, მისთვის მიუღებელია სტატუსი, რომელსაც ფონდს "რუსული კანონი" ანიჭებს – ის არ ფიქრობს, რომ წლების განმავლობაში, საკუთარ მოსწავლეებთან ერთად უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებდა.



„სიკეთის რევოლუციის“ პოსტის თანახმად, ფონდი სამი წლის განმავლობაში 400-მდე ოჯახს მათ ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტებით, საყოფაცხოვრებო ნივთებითა თუ ტექნიკით დაეხმარა.
„შევიმუშავეთ კალათა, რა უნდა გვეყიდა თითო ოჯახისთვის – 300 ლარის პროდუქტი იყო თითოეულ კალათაში, სადაც იყო ყველაფერი: ხორციდან დაწყებული, საპირფარეშოს ქაღალდით დასრულებული, რაც შეიძლება დასჭირვებოდა ოჯახს. გარდა პროდუქტისა, გვიყიდია სარეცხი მანქანა, მაცივარი, გაზქურა, სხვა ტექნიკა – რა საჭიროებაც ჰქონდა ოჯახს. ვიღაცას სახლი დაეწვა და მთელი საოჯახო ტექნიკა ვუყიდეთ. ტანსაცმელებს ვაგროვებდით, ვახარისხებდით“
- ორგანიზაციის დამფუძნებელი
ტვ "იმედის" მიერ გასული წლის 15 აპრილს გავრცელებულ ციტატაში, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, „არც ერთ ფიზიკურ პირს, ოჯახს კანონი არ ეხება“.

“ბევრგან მესმის, რომ ფიზიკურ პირებს არ შეხებია ეს კანონი. მაშინ, მე მაქვს კითხვა – აბა ეს ადამიანები ვინ არიან, ვისზეც მოგიყევით? ვინც ფონდის იმედად იყო და ახლა ამ იმედის გარეშე დარჩებიან?” – კახა გალდავა, „სიკეთის რევოლუციის“ დამაარსებელი.
თუმცა, სხვაგვარია რეალობა
"სერვისების შეფერხება განსაკუთრებით შეეხო მოწყვლად ჯგუფებს, ხანდაზმულებს, ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ოჯახებს, რომლებიც მუდმივ მხარდაჭერას საჭიროებენ"
თიკო ჭელიშვილი - სოციალური მუშაკი, თემის განვითარების ფასილიტატორი


კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ

კიდევ ერთი კანონი, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გასულ წელს მიიღო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, იგივე "ანტი-ლგბტ კანონია".
სოციალური თანასწორობის ასპექტში აღნიშნული კანონი, ექსპერტების შეფასებით, განსაკუთრებული მავნებლობით გამოირჩევა, იგი მიზნად სექსუალური უმცირესობების ჩაგვრას და სტიგმატიზაციის გაძლიერებას ისახავს. ასევე, მოიაზრებს სპეციფიკურ სერვისებზე წვდომის შეზღუდვასაც.

@Civil Georgia
ტვ "იმედის" გასული წლის 6 სექტემბრის პოსტში, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „კანონპროექტი არის წყალგამყოფი ქვეყნის პატრიოტ პოლიტიკურ ძალებსა და იმ პარტიებს შორის, რომლებსაც დღის წესრიგს გარედან უგეგმავენ“.



შალვა პაპუაშვილის ფეისბუქ პოსტში, ვკითხულობთ, რომ დისკრიმინაციული და ჰომოფობიური კანონი „იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას“ და მეტიც - იგი „ევროპულ ღირებულებებსაც“ კი ეფუძნება.
რას ემსახურება სინამდვილეში "ანტი-ლგბტ კანონი"?
-
ქვიარ თემის დემონიზაცია;
-
ძალადობის წახალისება;
-
ლგბტ ადამიანების კრიმინალიზება და მათი სახელმწიფოს მტრულ ელემენტებად გამოცხადება.

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) 25 სექტემბრის განცხადებაში „რუსულ კანონისა“ და "ანტი-ლგბტ კანონის" სათემო სერვისების მიწოდებასთან კავშირზე ვკითხულობთ:

სამედიცინო სერვისები
"ტრანსსპეციფიკურ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის აკრძალვა და მათი კრიმინალიზება - დაუშვებელი გახდება ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, რომელსაც ტრანს ადამიანების ნაწილი მიმართავს ტრანზიციის პროცესში, და რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მათი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის.
განსაკუთრებით საგანგაშოა ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურების კრიმინალიზაცია, რაც გულისხმობს როგორც ექიმის მიმართ, ისე სამედიცინო დაწესებულებისთვის, ტრანს ადამიანისთვის ტრანზიციის პროცესში ნებისმიერი სამედიცინო ინტერვენციის, მათ შორის გენდერის დადასტურების ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" - - ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
"სოციალურ მუშაკთა გაერთიანების" თანადამფუძნებლის, მარიამ ბანძავას თანახმად, აღნიშნული კანონების ნეგატიური გავლენა აისახება, როგორც სოციალურ მუშაკებზე, ასევე მათი მომსახურების მიმღებ მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე
"თანასწორობის მოძრაობის" 2019 წლის კვლევა ტრანსგენდერებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის საჭიროებებს შეეხება და ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა მიმართულებას გამოყოფს:
-
" ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვა - ჰორმონული თერაპია, რომელიც ტრანზიციისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, ფაქტობრივად არცერთი ტრანსგენდერი ადამიანისთვის არ არის ლეგალურად ხელმისაწვდომი;
-
ფსიქიკური ჯანმრთელობა - ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც ყველა რესპონდენტის შემთხვევაში ტრანსფობიასთან, აივ-ის სტიგმასთან, დისკრიმინაციასა და ძალადობასთან, ასევე ეკონომიკურ პრობლემებთან ძალიან მჭიდრო კავშირშია;
-
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვა - ამ ტიპის სერვისებს კი საყოველთაო დაზღვევა არ ფარავს; ასევე მაღალია დაავადებების შესახებ სტიგმა და თანმხლები სტრესი;
-
ფსიქოლოგის მომსახურება - "ეს უკანასკნელი ზოგადად ძალიან ძვირია, მაგრამ ვინაიდან სათემო ორგანიზაციები მას უფასოდ სთავაზობენ, მიმართვიანობაც საკმაოდ მაღალია და კმაყოფილების ხარისხიც."

@პუბლიკა
სოციალური მუშაკების თანახმად, "ანტი-ლგბტ კანონის" ამოქმედება ახდენს ტრანსგენდერთათვის სამედიცინო სერვისის მიწოდების კრიმინალიზებას, ხოლო, "რუსული კანონი" ზღუდავს სათემო ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისების მიწოდებას.
რესპონდენტების თანახმად, სახელმწიფოზე ზრუნვის, სუვერენიტეტისა და ტრადიციების დაცვის სახელით მიღებული კანონების შედეგად, მკვეთრად უარესდება სოციალური პოლიტიკა.
მნიშვნელოვან ზიანს კი განიცდის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერასა და დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებს.
